სერბეთში სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან კავშირში მყოფ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების თანახმად, ორმა ყოფილმა მინისტრმა და კიდევ რამდენიმე პირმა ნება დართეს ჩინური კომპანიების კონსორციუმს, China Railway International-სა და China Communications Construction-ს (CRI-CCC), რომლებმაც ნოვი სადის სადგურის რეკონსტრუქცია განახორციელეს, ბიუჯეტიდან თანხები უკანონოდ მიეღოთ, რის შედეგადაც, სერბეთის სახელმწიფო ბიუჯეტს 115,6 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა, ხოლო ჩინურმა კომპანიებმა 18 მილიონ დოლარზე მეტი უკანონო მოგება მიიღეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ტომისლავ მომიროვიჩს, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ გორან ვესიჩს და კიდევ 11 პირს. მათ კორუფციაში ედებათ ბრალი .
ნოვი სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის გარე ბეტონის სახურავი 2024 წლის პირველ ნოემბერს ჩამოინგრა. დაიღუპა 16 ადამიანი. მომხდარის გამო, მშენებლობის მაშინდელმა მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. ტრაგედიამ სერბეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება. საპროტესტო აქციების მთავარი მამოძრავებელი ძალა სტუდენტები არიან.