მოსკოვში ორგანიზაცია „აზერბაიჯანი-ურალის“ თავმჯდომარე შაჰინ შიხლინსკი დააკავეს და ეკატერინბურგში, საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გადაიყვანეს. იტყობინება „დოიჩე ველე“ გამოცემა 66.ru-ზე დაყრდნობით.
ინფორმაცია დაადასტურა გამოცემა E1.ru-ს წყარომ ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის გარემოცვიდან.
ამასთან, გამოცემა 66.ru-ს წყარო ირწმუნება, რომ შახლინსკის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - მკვლელობის მცდელობისა და სახელმწიფო მოხელის მიმართ ძალადობის მუხლებით.
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაჰინ შიხლინსკის ძებნა გამოაცხადა. რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს შიხლინსკის დაკავების შესახებ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში შაჰინ შიხლინსკი ორჯერ დააკავეს. 27 ივნისს ის აზერბაიჯანული დიასპორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ივლისის დასაწყისში იგი შვილთან, მუთვალ შიხლინსკისთან ერთად ეკატერინბურგში დააკავეს. დაკითხვის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, თუმცა ვაჟი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ბრალდებით პატიმრობაში დატოვეს. ამბობენ, რომ იმ დღეს შაჰინ შიხლინსკი მანქანით სპეცრაზმელს დაეჯახა.
ეკატერინბურგში განვითარებულმა მოვლენებმა მოსკოვსა და ბაქოს შორის დაძაბულობა გაამწვავა.
ეკატერინბურგში დაკავებების საპასუხოდ, ბაქომ დაახლოებით ორი ათეული რუსი დააკავა, მათ შორის კრემლისტური სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ჟურნალისტები.