დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ჯერ არ არის მზად უკრაინასთან სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და შესაძლოა, მოლაპარაკებები ერთ წელიწადსაც გაგრძელდეს. ამის შესახებ ლემიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი შეფასება ასეთია: პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. მას ჯერ კიდევ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით აწარმოებს, უკიდურესად რთულია...
ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები ერთ წელიწადს გაგრძელდება. კითხვა ისმის, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის, მათი შეუპოვრობისა და გამძლეობის მიმართ.
„მსოფლიომ რომც მიატოვოს, ის მაინც გააგრძელებს პარტიზანულ ომს, იმდენად ძლიერია მისი რწმენა სამშობლოს მიმართ. ეს ძალიან შთამაგონებელია“, - განაცხადა ლემმა.