ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს ბერკეტები, რათა დიპლომატიური გზით დაასრულოს ომი უკრაინაში და შეუძლია რუსეთს ჩამოართვას ომის დაფინანსების შესაძლებლობა.
დიპლომატის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, მომავალ კვირას რუსეთისა და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მასთან ბიზნესს აწარმოებენ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.
„საქმე იმაშია, რომ პუტინმა თავისი ნავთობი უნდა გაყიდოს. ის ყიდის მას ჩინეთზე. ის ყიდის მას ინდოეთზე. ის ყიდის მას ბრაზილიაზე.
ამ ქვეყნებს ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვთ, რადგან მათ ბიზნესი აქვთ რუსეთთან და რუსეთს აღარ ეყოლება მეგობრები. მას აღარ ეყოლება სავაჭრო პარტნიორები. და მისი შესაძლებლობა, დააფინანსოს ეს ომი, გაქრება“, - თქვა უიტეკერმა.
მან დასძინა, რომ ეს საბოლოოდ რუსეთს აიძულებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
„ორივე მხარემ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც, სავარაუდოდ, მათთვის იდეალური არ იქნება, მაგრამ ამავდროულად, მკვლელობები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ნატოში.
უიტაკერი ასევე არ მიიჩნევს, რომ აშშ-ის მკაცრი სანქციები აშშ-ის ორ მოწინააღმდეგეს - რუსეთსა და ჩინეთს - დააახლოებს.
„ყველა კარტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელშია. და რაც მთავარია, ყველა კარტი დონალდ ტრამპის ხელშია. ეს მისთვის ბოლო ვარიანტი არ არის. თუ ჩინეთს და რუსეთს სურთ შეუერთდნენ სამყაროს, რომელიც წესებს იცავს და არ შეიჭრება სხვა ქვეყნებში, არ კლავს და არ ანგრევს ხალხს, მაშინ კეთილი იყოს მათი მობრძანება“, - თქვა უიტეკერმა.