"ჯიპიაი" ჰოლდინგის" გენერალური დურექტორი გიორგი კვირიკაძე არასწორად მიიჩნევს, კონტროლის პალატის მიერ პირველადი დასკვნის გამოქვეყნებას და აცხადებს, რომ კონტროლის პალატას მოგების მარჟის გამოქვეყნებისას კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები არ დაუანგარიშებია.
როგორც კვირიკაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარტივი კალკულაციით 2007-2010 წლებში კომპანიის მიერ მირებული პრემია 77,117 მლნ ლარია, ამ პერიოდში ანაზღაურებულმა ზარალმა 49,821 მლნ ლარი შეადგინა.
"სავარაუდოდ, კონტროლის პალატამ მიღებულ პრემიას გამოაკლო ანაზღაურებული ზარალი და მიღებული რაოდენობა მოგების მარჟად გათვალა და ამ კალკულაციის შედეგად აკვიზიციური, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები, რომელიც საკმაოდ მაღალია თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიისთვის, არ გაუთვალისიწნებია," - განმარტავს იგი.
კვირიკაძის თქმით, აღნიშნული ხარჯების გათვალისწინების შემთხვევაში კონტროლის პალატის მიერ დააანგარიშებული მოგების მარჟა მკვეთრად შემცირდება.
მისივე ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში კომპანიამ აკვიზიციური, ადმინისტრაციული, სხვა ხარჯებისა და მოგების გადასახადის გარეშე წმინდა მოგებამ 5,545 მლნ ლარი მიიღო. შესაბამისად, მოგების მარჟა 6,8%-ია.
"პირველადი დასკვნის გამოქვეყნებით სადაზღვევო კომპანიებსა და ზოგადად ინდუსტრიას ჩრდილი მიადგა, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, საბოლოო დასკვნა ლაფსუსების გარეშე გამოქვეყნებულიყო," - განმარტავს კვირიკაძე და აქვე აღნიშნავს,. რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირველი 2 წელი კომპანიამ უარყოფითი შედეგით დაამთავრა, თუმცა ეს კომპანიისთვის ეს არ იყო მოულოდნელი შედეგი. 2009-2010 წლებში კი პროგრამამ ფინანსური შედეგი მოიტანა და ხარჯების დაფინანსება მოხერხდა.
ცნობისთვის, კონტროლის პალატის პირველადი დასკვნით, ამ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მაღალ, მოგების 77%-იან მარჟაზე „აისი ჯგუფი" მუშაობს. ამ პერიოდში "ალდაგი ბისიაის" მოგების მარჟა 65%-ს აჭარბებს, „იმედი L" -55%-ი, „ჯიპიაი ჰოლდინგი - 57%-ი, ხოლო „ირაო" 51%-ი.