ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 284 მლნ. ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე მხოლოდ 40% დახარჯეს.
ასეთია კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
"თანხა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს მოხმარდა", - ნათქვამია დასკვნაში.
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, თავად კომპანიების მოგების მარჟამ 60%-ს გადააჭარბა, "მაშინ როდესაც სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია".
"სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს 170 მლნ. ლარის შემოსავალი. ამდენად, დაზღვევის სექტორი ხასიათდება მომეტებული რისკებითა და ნაკლოვანებებით: სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა; სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება; სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა; პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება; პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება", - აღნიშნულია კონტროლის პალატის აუდიტის დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას 2010 წლიდან იკვლევს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მლნ. ლარი დაიხარჯა.