საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ ათი მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას ეხმაურება.
როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის ქმედებები პოსტსაბჭოური ფენომენია.
„თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდწილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.
რაღაც მომენტში, სოვლაბი ალბათ ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა. მათ ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.