ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 27 ივლისს შოტლანდიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.
ურსულა ფონ დერ ლეიენი პრესკონფერენციაზე შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის ექსპორტის უმეტესი ნაწილისთვის 15-პროცენტიან საბაზისო ტარიფზე. ეს ტარიფი გავრცელდება უმეტეს სექტორზე, მათ შორის ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, 15 პროცენტი ცუდი ციფრი არ არის. ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. ეს ყველაფერზე ვრცელდება.
„დღეს ჩვენ ასევე შევთანხმდით ნულოვანი ტარიფის დაწესებაზე რიგ სტრატეგიულ საქონელზე. ეს მოიცავს ყველა თვითმფრინავს და მათ კომპონენტებს, გარკვეულ ქიმიკატებს, ნახევარგამტარების წარმოების აღჭურვილობას, გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ბუნებრივ რესურსებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ სიის გაფართოებაზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ფოლადსა და ალუმინს, ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი და აშშ ერთი და იგივე გარე პრობლემის - გლობალური ჭარბი წარმოების წინაშე დგანან.
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სამართლიანი გლობალური კონკურენციის უზრუნველსაყოფად და ჩვენს შორის არსებული ბარიერების შესამცირებლად. ტარიფები შემცირდება და კვოტების სისტემა დაინერგება“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა..
რუსული ენერგორესურსის პრობლემაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რუსული ნავთობისა და გაზის პროდუქტი შედის ევროკავშირში.
„ჩვენ ეს აღარ გვინდა და სრულად უნდა შევწყვიტოთ რუსული საწვავის იმპორტი. ამიტომ ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვა კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი ანგარიშით, შეგვიძლია, წლიურად 250 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შევისყიდოთ სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.