27 ივლისს, საღამოს გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას BILD ავრცელებს.
ავარია მოხდა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მხარეში, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 18:10 საათზე, ბიბერახის ოლქში, ქალაქ რიდლინგენთან ახლოს.
შტუტგარტში ფედერალური პოლიციის წარმომადგენლის თქმით, Deutsche Bahn-ის რეგიონალური ექსპრეს მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
ავარიის დროს მატარებელში დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, მათგან სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
გამოცემის ცნობით, მაშველები გადაბრუნებულ ვაგონებში მყოფ მგზავრებამდე მიღწევას ცდილობენ. ადგილზე ყვირილის ხმა ისმის.
ვაგონები შუაგულ ტყეში რელსებიდან გადავიდა და ფერდობზე ხეებს შორის გაჩერდა.
სამაშველო სამსახურები დაშავებულების მოსაძებნად ვაგონებს ამოწმებენ - სავარაუდოდ, ყველა მგზავრი ჯერ ნაპოვნი არ არის. პოლიციის ცნობით, ავარიის ადგილზე მისვლა გართულებულია.
ჯერჯერობით უცნობია, სარკინიგზო კატასტროფა ქარიშხალმა გამოიწვია თუ წაქცეულმა ხეებმა.