ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაისინგერმა განაცხადა, რომ ღიაა ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის შესაძლო უარსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საჯარო დისკუსიისთვის.
„ერთი რამ ცხადია: ნეიტრალიტეტი თავისთავად არ გვიცავს. ავსტრიას სულ უფრო გაურკვეველი გლობალური უსაფრთხოების პირობებისა და რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე იცავს ინვესტირება, როგორც ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებში, ასევე პარტნიორობაში“, - განაცხადა მაინლ-რაისინგერმა.
„მე პრინციპულად, ღია ვარ საჯარო დებატებისთვის ავსტრიის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში და მოსახლეობაში ნატო-ში წევრობის მომხრე უმრავლესობა არ არის, ასეთი დებატები შეიძლება ძალიან ნაყოფიერი იყოს“, - დასძინა მან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსაზრება „თუ არავის შევეხებით, მაშინ არავინ შეგვეხება“, გულუბრყვილოა.
„მსოფლიო შეიცვალა. თუმცა, პირდაპირ მინდა ვთქვა: ევროკავშირის სახით ჩვენ უკვე გვყავს პარტნიორი, რომელიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დაგვიცავს. ამავდროულად, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპის უსაფრთხოებაში. ჩვენ ჯარისკაცებს ვგზავნით ევროკავშირის მრავალ სამშვიდობო მისიაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას ფინანსურად, სამხედრო კუთხით და პოლიტიკურად. ამ მხრივ, ავსტრიის ნეიტრალიტეტი უკვე მნიშვნელოვნად შეიცვალა 1995 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ“, - განაცხადა ბეატე მაინლ-რაისინგერმა.