გერმანიამ უკრაინას Patriot-ის სამი სისტემა გადასცა, როგორც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შემოთავაზებული ახალი დახმარების სქემის ნაწილი, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის ხარჯებს ევროპული ქვეყნები იხდიან. ამის შესახებ The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ უკრაინა ახალი სქემის ფარგლებში Patriot-ის 10 სისტემის მიღებას იმედოვნებს. ორშაბათს, უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, დეტალების დაზუსტების გარეშე, განაცხადა, რომ ბერლინი „ხელს შეუწყობს“ Patriot-ის ხუთი სისტემის მიწოდებას. ჟურნალისტების თანამოსაუბრეებმა კი განაცხადეს, რომ სამი სისტემა უკვე გადაეცათ და ამჟამად გერმანია შეერთებულ შტატებთან კიდევ ერთის გაგზავნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
The Washington Post-ის ცნობით, Patriot-ის დანარჩენი, ბატარეები, შესაძლოა ნატო-ს მიღმა ქვეყნიდან გაიგზავნოს.
ამგვარად, შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ Patriot-ის ხუთი სისტემა, რომლებიც ქვეყანამ ამერიკელი მწარმოებლისგან შეუკვეთა, შეერთებული შტატები უკრაინაში გადაამისამართებს, შვეიცარია კი შეკვეთილ სისტემებს მოგვიანებით მიიღებს.
წყაროების ცნობით, ამ სქემის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, უკრაინა მიიღებს რადარებსა და ელექტრონულ საბრძოლო სისტემებს, დრონების გამანადგურებლებს და არტილერიას.
როგორც იუწყებიან, გეგმების განსახილველად. ამ კვირაში ევროპის თავდაცვის მინისტრები ვირტუალურად შეხვდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს და ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ევროპაში, გენერალ ალექსუს გრინკევიჩს.
გარდა ამისა, გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შესახებ. გერმანიამ უკვე განაცხადა, რომ უკრაინას არ მიაწვდის Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს.
The Washington Post -ის ცნობით, ნატო-ში არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ აშშ-მა უკრაინას თავისი რაკეტები მიაწოდოს.