აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ იმიგრაცია „ევროპას კლავს“. ამის შესახებ Euronews იუწყება.
პარასკევს, 25 ივლისს, შოტლანდიაში ხუთდღიანი ვიზიტისას, აშშ-ის პრეზიდენტმა იმიგრაციის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ევროპამ „უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ძალებით იმოქმედოს“.
„ევროპა აღარ გექნებათ. თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს საშინელი შემოჭრა, რომელიც ევროპაში ხდება. ზოგიერთმა ადამიანმა, ზოგიერთმა ლიდერმა ეს არ დაუშვა. ისინი არ იღებენ დამსახურებულ შექებას“, - თქვა ტრამპმა.
თუმცა, მას არ დაუსახელებია თუ რომელ ლიდერებს გულისხმობდა, რათა სხვები „არ შეერცხვინა“
როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო დროს ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, გააძლიეროს ბრძოლა მიგრაციის წინააღმდეგ.
მაგალითად, 10 ივლისს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები შეთანხმდნენ საპილოტე გეგმაზე, რომლის მიხედვითაც მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად გადაკვეთდნენ ლა-მანშს მცირე ზომის ნავებით, საფრანგეთში დაბრუნდებოდნენ.
გერმანიაში კი, ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ბრძანება სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებისა და თავშესაფრის მაძიებლების საზღვარზე უკან დაბრუნების შესახებ, თუ მათ უკვე მიმართეს თავშესაფარს ევროკავშირის სხვა ქვეყანაში.
ივლისის დასაწყისში პოლონეთმა დაიწყო მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულება გერმანიასთან და ლიეტუვასთან საზღვრებზე დროებითი კონტროლის შესახებ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მიმდინარე ვადა 5 აგვისტოს იწურება, რუს შემდეგ, მოსალოდნელია, მისი გახანგრძლივება.