ტაილანდმა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო, კამბოჯასთან საზღვრის გასწვრივ რვა რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
„ჩანთაბურისა და ტრატის პროვინციებში სასაზღვრო თავდაცვის სარდლობამ პროვინციების ზოგიერთ რაიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც კამბოჯა ძალის გამოყენებით საზღვრის გასწვრივ ტაილანდში შეიჭრა, - ნათქვამია განცხადებაში.
ორდღიანი დაპირისპირების ფონზე ტაილანდის მხარეს დაღუპულია 16 და დაშავებულია, სულ მცირე, 46 ადამიანი. კამბოჯა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასი ათასამდე მცხოვრებმა სახლები დატოვა და დროებით თავშესაფარშია გადასული. კამბოჯის მხარე 23 000-მდე ევაკუირებულის შესახებ იუწყება.