უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს, რომელიც სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმას უზრუნველყოფს.
„ტექსტი კარგად დაბალანსებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, რუსეთთან ნებისმიერ კავშირს გამორიცხავს და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კანონპროექტს უკრაინის უმაღლეს რადას დღეს წარუდგენს.
„მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უკრაინელის პოზიციას პატივი ვცეთ და მადლიერები ვიყოთ ყველასი, ვინც უკრაინას მხარს უჭერს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.
უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა-განმარტება სთხოვა.