უკრაინული მედიის ცნობით, 24 ივლისის ღამეს რუსებმა ოდესაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არქიტექტურული ძეგლები, ქალაქში არაერთი ხანძარი გაჩნდა, მათ შორის მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაში.
დარტყმა განხორციელდა ბაზარზეც.
„მტერმა ოდესაზე მასირებული შეტევა დაიწყო მოირიშე დრონების გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის აქტიური მუშაობის მიუხედავად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა. ქალაქში არაერთი ხანძარია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორი სართული, ორსართულიანი შენობის სახურავი, სავაჭრო პავილიონები და ბენზინგასამართი სადგური იწვის. ასევე დაზიანებულია არქიტექტურული ძეგლები ოდესის ისტორიულ ცენტრში, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა“, - წერს ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი.
კიპერმა დასძინა, რომ დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება და უფლებამოსილმა სამსახურებმა თავდასხმის შედეგების აღმოფხვრა დაიწყეს.
5:28 საათზე, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი სამიზნე „პრივოზის“ ბაზარი იყო.