თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არის.
"თურქეთი ევროკავშირისთვის ბოლო გასასვლელია. მსოფლიო იცვლება და ევროპა უკვე შეიცვალა. მოძველებული პოლიტიკური ბარიერების გავლენისგან თავის დასაღწევად, ეს შეიძლება იყოს ნაბიჯი, რომელიც თურქეთისთვის ახალ ერას გახსნის და ევროკავშირს მომავლისკენ წაიყვანს. ჩვენ მზად ვართ სრულუფლებიანი წევრობისთვის", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ორშაბათს, 21 ივლისს, კვიპროსის თურქეთის მიერ კონტროლირებადი ჩრდილოეთ ნაწილიდან ანკარაში დაბრუნებისას.
გამოცემა TRT Haber-ის ინფორმაციით, ერდოღანმა ვიზიტის განმავლობაში სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის ისრაელის სამხედრო მოქმედებების დაგმობა, ღაზის სექტორის მოსახლეობის მხარდაჭერა, სირიის გარდამავალი მთავრობის ნაბიჯების დამტკიცება და მომდევნო 2-3 წელიწადში თურქეთის მიერ ახალი ავიამზიდის აშენების გეგმები.
თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 25 წელზე მეტია, 1999 წლიდან. ექვსი წლის შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებები 2016 წელს შეჩერდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და თურქეთში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო. ამასთან, ერდოღანი არ აღიარებს კვიპროსის რესპუბლიკის მთლიანობას, რომელიც 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.