მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სარწყავ სიტემებზე არსებული მდგომარეობა, რწყვის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაზე, ასევე, კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე.
„სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, ფერმერებმა საქართველოს მელიორაციასთან წყალსარგებლობის შეთანხმება უნდა გააფორმონ, რათა წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება შევძლოთ“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.