გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „საპასუხოდ, ქართულმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ნგრევას და ომის დამღუპველ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წლის არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა.“
„გლობალური ომის პარტიის მითითებების და მეორე ფრონტის გახსნის შეუსრულებლობა რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემებს მოიტანდა, ეს თავდაპირველად ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკაში პირდაპირ ისმინებოდა, ხოლო შემდეგ ქმედებაზეც გადავიდნენ, დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, დემონსტრაციულად, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით გააუქმეს საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ბოლოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ასევე უსაფუძვლოდ, ფაქტების გარეშე, რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და სანქციები დაუწესეს. თავის მხრივ - ამ შანტაჟს და ზეწოლას მარტივი მიზანი ჰქონდა - გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში.
საპასუხოდ, ქართულმა საზოგადოებამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, სრულად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ნგრევას და ომის დამღუპველ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წლის არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა. ჩვენი მხრივ, სწორედ ქართულ საზოგადოებასთან არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ღირსეულად გავუმკლავდით არჩევნების შემდგომ გარედან დაფინანსებულ რევოლუციურ პროცესებს, შევინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევებითაც ცხადად დასტურდება“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს.“
„სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა - როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა.
სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს“, - განაცხადა კობახიძემ.