რუსეთი თუ 50 დღის განმავლობაში არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას ან სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ მის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსული ნავთობის მყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ მაღალი ტარიფები და მეორადი სანქციები დაწესდება.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული და კრემლი არ დათანხმდება საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მაშინ რუსეთი ძალიან მაღალი ტარიფებისა და მეორადი სანქციების წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა ლევიტმა.
მისი თქმით, სანქციები ასევე გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც გააგრძელებენ რუსული ნავთობის შეძენას. როგორც პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს „მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს“ მოახდენს და რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს.
ქეროლაინ ლევიტმა დასძინა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ომის დიპლომატიური გზით დასრულებას ცდილობს.
„მას სურს მკვლელობების შეჩერება და სიცოცხლის გადარჩენა. ადმინისტრაციამ დიდი დრო დახარჯა კონფლიქტის დასრულების გადაწყვეტილებების ძიებაში“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე ტარიფების ეფექტიანობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა 2024 წელს მხოლოდ 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ლევიტმა უპასუხა, რომ სამი მილიარდი მაინც დიდი ფულია.
„მაგრამ საქმე მხოლოდ ტარიფებს არ ეხება. საქმე ასევე მეორად მასშტაბურ სანქციებს ეხება, რომელიც 50 დღეში ამოქმედდება“, - თქვა მან.
14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან. მან ასევე რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.