"ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს უფლება, ეკამათოს ერთმანეთს და არ დაეთანხმოს ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის აფეთქება და იმის თქმა, რომ არავინ არ გავიდეთ სამსახურში, არ შეიძლება," _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კაჭრეთში პროფესიული სასწავლების რეაბილიტრებული შენობის გახსნისას.
პრეზიდენტის თქმით, იანვარში საქართველოს 47 პროცენტით მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ეს მაშინ, "როცა შარშან 2 მილიონი ვიზიტორი მივიღეთ, წელს კი 3 მილიონს ველით".
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ უცხოელი შემოვიდეს და ფული დახარჯოს. ამ ყველაფერს არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური საფუძველიც აქვს.
ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მკვეთრად შეიცვალა სომხეთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რადგან სომხეთის 500 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა საქართველოში. ასევე მოხდა ჩრდილოკავკასიაში, საიდანაც უკვე 40 ათასამდე ჩრდილოკავკასიელმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
პრეზიდენტის აზრით, ტურიზმის აფეთქება 2010 წელს დაემთხვა, რადგან ქვეყანაში საპროტესტო აქციები აღარ ეწყობოდა.
"ტურიზმის აფეთქება რატომ არ მოხდა 2007 წელს? რადგან არ გვეცალა, პოლიტიკური პარტიები აქციებს აწყობდნენ. ვინ მოვიდოდა ქვეყანაში, რომელიც გამოიყურებოდა როგორც არეული, აშლილი, პარალიზებული? 2008 წელს მტერმა მოგვიწყო ომი. 2009-ში გვქონდა ისევ აქციები. იმის გამო, რომ რამდენიმე ათასმა კაცმა მოინდომა "პორშესა" და "ბე-ემ-ვე"-ს ჯიპებით თბილისის ცენტრში მისვლა, ამის გამო ყველა დანარჩენი საქართველოში დარჩა ტურიზმის გარეშე. 2010 იყო სტაბილურობის პირველი წელი და ამ დროს მოხდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების თითქმის გაორმაგება", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის პროგნოზით, წელს ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 50%-ით მოიმატებს და, სავარაუდოდ, 3 მილიონზე მეტი იქნება. სწორედ ამიტომ დაიწყო სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება, ქობულეთი კი თავისუფალ ზონად გამოცხადდა.