უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს ამერიკელების ეშინია, რადგან გენერალ კელოგის უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, ინტენსიური დაბომბვა შეწყდა. ამის შესახებ მან Newsmax-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„უკრაინაში ჩამოვიდა გენერალი კელოგი და ორი ღამე ზედიზედ მასირებული დაბომბვები არ იყო. ეს ძალიან საინტერესო მაგალითია. არ იყო ძლიერი შეტევები ამ და წინა ღამეს. ადამიანებმა კი ხუმრობა დაიწყეს, რომ კელოგს უკრაინული პასპორტი უნდა მივცეთ და აქ დავტოვოთო, ხოლო ამერიკელებს საშუალება მივცეთ უფრო ხშირად ჩამოვიდნენ აქ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „პუტინი ბომბავს სამოქალაქო მოსახლეობას, მაგრამ, როდესაც ამერიკელები აქ არიან, ამას არ აკეთებს“.
„ის დაშინებას ცდილობს, შანტაჟს, დაძაბულობას ქმნის, მაგრამ სრულ ესკალაციაზე არ მიდის. ეს ერთ რამეს ნიშნავს: პუტინს ამერიკის ეშინია. მე მუდამ ამას ვამბობდი და ასევე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს. ასეა თუ ისე, პუტინს ამერიკის ეშინია და ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.