უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან მკვლელები, რომლებმაც ეფ-ეს ბე-ს დავალებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი მოკლეს.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებს უსაფრთხოების სამსახურის მეთაური ვასილი მალიუკი ხელმძღვანელობდა.
„უკრაინაში წინასწარ გაგზავნეს ეფ-ეს-ბესაგენტურულ-საბრძოლო ჯგუფი, რომელმაც სამი დღის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, ჩვენი თანამემამულის, პოლკოვნიკი ივან ვორონიჩის მკვლელობა ჩაიდინა.
ფარული საგამოძიებო და აქტიური კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად, მტრის ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს. დაკავების დროს მათ წინააღმდეგობა დაიწყეს, ცეცხლი გახსნეს, ამიტომ ნაძირლები ლიკვიდირებულნი იქნენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, პოლკოვნიკის ლიკვიდაციაში 2 ადამიანი მონაწილეობდა – ქალი და კაცი. რუსული სპეცსამსახურების კურატორის დავალებით, ისინი რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ ვორონიჩს. მოგვიანებით ეფ-ეს-ბეს აგენტმა მათ კოორდინატები მისცა, სადაც მაყუჩიანი პისტოლეტი იყო დამალული.
მკვლელობის ჩადენის შემდეგ, აგენტები დამალვას ცდილობდნენ. მათ კვალს უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა კიევის ოლქში მიაგნეს.
უკრაინული დაზვერვის ცნობით, 13 ივლისს ჩატარდა სპეცოპერაცია, აგენტებმა უკრაინის უსაფრთხოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მათი ლიკვიდაცია გახდა აუცილებელი.
10 ივლისს კიევის ჰოლოსიევსკის რაიონში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი მოკლეს.