გასულ ღამეს რუსეთმა ხარკივის, სუმის, ლვოვისა და ბუკოვინის ოლქებზე იერიში მიიტანა 26 ფრთოსანი რაკეტოთა და 597 დრონით. ამის შესახებ უკრაინისპრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, 20-ზე მეტი რაკეტა და თავდასხმის დრონების აბსოლუტური უმრავლესობა განეიტრალებულია.
„სამწუხაროდ, დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საცხოვრებელ შენობებზე მოხდა.
ამ დროისთვის ჩერნოვციში ცნობილია 2 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. დაბომბვის შედეგად დაჭრილი კიდევ 20 ადამიანი იღებს ყველა საჭირო დახმარებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობას.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს და მათი შეკავება სანქციებით ახლავე შეიძლება.
საჭიროა მკაცრი მეორადი სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რუსებს დრონების წარმოებაში და ნავთობიდან მოგების მიღებაში ეხმარება.
საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემების გაფართოება, ასევე ინვესტირება გამანადგურებელ დრონებში, რომლებიც უკვე კარგ შედეგებს იძლევა.
ამ ომის შეჩერება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი. ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს, - წერს ზელენსკი.