დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის საჰაერო დარტყმების მკვეთრი ზრდის ფონზე განაგრძობენ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად და ომისგან განადგურებული ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის მოსამზადებლად.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, „მსურველთა კოალიციის“ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან კონფერენციის დროს განაცხადეს, რომ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო მისიის დაგეგმვა დასრულდა.
მაკრონმა შესაძლო კონტინგენტის რაოდენობა დაასახელა - 50 000-მდე ჯარისკაცი.
სტარმერმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიის შესახებ უკვე შეთანხმებული გეგმები შესაძლოა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან „რამდენიმე საათში“ განხორციელდეს.
მისი თქმით, ეს ინიციატივა „მომწიფებულია“ და „გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი“. თუმცა, ამ ეტაპზე, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება შეუძლებელია.
კირ სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციამ“, რომელიც უკრაინის მოკავშირე 30 ევროპულ ქვეყანას მოიცავს, უკვე გახსნა საკუთარი შტაბი პარიზში.
გარდა ამისა, იგეგმება კიევში საკოორდინაციო ცენტრის შექმნა.
შტაბს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებენ, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ყველა ტაქტიკური და ოპერატიული დავალების შესრულების ზედამხედველობაზე. პირველი თორმეტი თვის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ შტაბილონდონში გადავა.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გეგმავენ არსებული ერთობლივი ოპერატიული ძალების გაფართოებას, რათა ისინი უკრაინაში გაგზავნონ, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული იქნება.
ამ ინიციატივაში სხვა პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ. გერმანიამ ჯერჯერობით უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე.
სტარმერმა განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ახლა ყურადღება „მშვიდობისთვის მზადებაზე“ უნდა გაამახვილონ. მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია „პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომით“ და ამისთვის „კოორდინირებული ზეწოლა“ იქნება საჭირო.
თავის მხრივ, მაკრონმა მოკავშირეებს მოუწოდა „გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე“ და მიუთითა იმ ზომების საჭიროებაზე, რომლებსაც შეუძლიათ „შეცვალონ გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და სხვა ლიდერები შეხვედრას ონლაინრეჟიმში რომიდან შეუერთდნენ, სადაც უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენცია მიმდინარეობს.
შეხვედრას პირველად შეუერთდნენ შეერთებული შტატების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი, სენატორი ლინდსი გრეჰემი და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი.
ეს ლიდერების დონეზე „მსურველთა კოალიციის“ უკვე მეექვსე შეხვედრაა.