უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ თავდასხმას.
„დღის განმავლობაში ყველაზე მეტი საჰაერო სამიზნე იყო - 741 სამიზნე: სხვადასხვა ტიპის 728 დრონი, რომელთაგან 300-ზე მეტი იყო „შაჰედი“ და 13 რაკეტა - „კინჟალი“ და „ისკანდერი“. სამიზნეების უმეტესობა ჩამოაგდეს“, - წერს ის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთავარი დარტყმა ლუცკს მიაყენეს.
მისივე ცნობით, ზიანი ასევე დაფიქსირდა დნიპროს, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასისა და ჩერნიჰივის რეგიონებში,
„ეს საჩვენებელი შეტევაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამდენი მცდელობა იყო მშვიდობის მისაღწევად, ცეცხლის შეწყვეტისთვის და ყველაფერს მხოლოდ რუსეთი უარყოფს.
ეს სანქციების საჭიროების კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ [საჭიროა] მტკივნეული სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსკოვის ომის მანქანას ამარაგებს.
მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ნავთობს ყიდულობს და მკვლელობებს აფინანსებს“, - დაწერა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა იციან, როგორ მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რათა ის „იძულებული გახდეს იფიქროს ომის დასრულებაზე და არა ახალ დარტყმებზე“ და მოუწოდა მათ მოქმედებისკენ.