სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ავღანეთში არსებული ვითარების გამოძიების ფარგლებში, რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ორი ლიდერის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. თალიბანი ქვეყანას 2021 წლიდან მართავს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თალიბანის უზენაესი ლიდერი ჰაიბატულა ახუნძადა და ავღანეთის უზენაესი მოსამართლე აბდულ ჰაკიმ ჰაკანი ეჭვმიტანილები არიან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენასა და მათში წაქეზებაში.
კერძოდ, მიიჩნევა, რომ ორივე მათგანი მონაწილეობს გოგონების, ქალების და სხვა პირების გენდერულ დევნაში, რომლებიც არ იცავენ თალიბანის პოლიტიკას გენდერის, გენდერული იდენტობის ან გამოხატვის საკითხებში.
ასევე, ამ დანაშაულების მსხვერპლნი შესაძლოა ყოფილიყვნენ კაცები, რომლებსაც თალიბები „გოგონებისა და ქალების მოკავშირეებად“ მიიჩნევდნენ.
მიიჩნევა, რომ ეს დანაშაულები ჩადენილია ავღანეთში მას შემდეგ, რაც თალიბანმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო 2021 წლის 15 აგვისტოს და ეს დანაშაულები გაგრძელდა სულ მიცირე 2025 წლის 20 იანვრამდე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თალიბანმა განახორციელა სახელმწიფო პოლიტიკა, რამაც გამოიწვია ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის მკვლელობები, დაპატიმრებები, წამება, გაუპატიურება და გაუჩინარებები.
გარდა ამისა, დაჯგუფების სამიზნე ასევე იყვნენ პირები, რომლებიც თალიბანის პოლიტიკის მოწინააღმდეგედ აღიქმებოდნენ.