გერმანიაში აცხადებენ, რომ ჩინეთმა გერმანული თვითმფრინავის წინააღმდეგ ლაზერი გამოიყენა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში ჩინეთის ელჩი დაიბარა და ჩინეთი ევროკავშირის ოპერაცია „ასპიდესში“ მონაწილე გერმანული თვითმფრინავის წინააღმდეგ ლაზერის გამოყენებაში დაადანაშაულა. ასეთი ინციდენტი წითელ ზღვაზე მოხდა, იუწყება The Guardian.
„გერმანელი პერსონალისთვის საფრთხე და ოპერაციის ჩაშლა აბსოლუტურად მიუღებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა.
გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ჩინეთის გავლენის შესახებ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის მთავარ საზღვაო მარშრუტებზე.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა შექმნა ოპერაცია „ასპიდესი“, რაც ძველ ბერძნულად „ფარებს“ ნიშნავს, როგორც თავდაცვითი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია, რათა დაეცვათ საზღვაო გადაზიდვები წითელი ზღვის კრიზისის დროს.
ცნობილია, რომ გერმანელი სამხედროები ოპერაცია „ასპიდესში“ 2024 წლის თებერვლიდან მონაწილეობენ. პარლამენტის მანდატით სამხედრო მოსამსახურეთა მაქსიმალური რაოდენობა 700-ს შეადგენს.