თბილისის მასპინძლობს ერთდღიან რეგიონულ სემინარს სამხრეთ კავკასიაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
შეხვედრის ინიციატორიებია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მსჯელობაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის წამყვანი ექსპერტები კლიმატის ცვლილების საკითხებში, საერთაშორისო კონსულტანტები და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები სამივე ქვეყანაში.
სემინარი დღეს, 1 თებერვალს, გაიხსნა. მონაწილეებს მიმართა გიორგი ზედგინიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ.
"კლიმატის ცვლილება ზეგავლენას ახდენს ჩვენის ქვეყნების წყლის რესურსებზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკოსისტემებსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. რეგიონული სცენარის შემუშავებისათვის ეფექტური თანამშრომლობა და მინაცემთა გაცვლაა საჭირო. ეს კი სამივე მთავრობის თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ მოქმედებას მოითხოვს", - თქვა მან.
ინიტა პაულოვიჩამ, UNDP საქართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით მწვავედ სწორედ გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე აისახება.
"კლიმატის ცვლილება უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ის შესაძლებლობებსაც შეიცავს. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისას ისეთი საკითხებიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორიცაა სიღარიბის შემცირება და ჯანდაცვა", - თქვა მან.
სემინარის მონაწილეები კლიმატის ცვლილების რეგიონული სცენარის შემუშავებისა და რეგიონული კვლევის განხორციელების თაობაზე შეთანხმდებიან. გარდა ამისა მონაცემთა გაცვლის სისტემის სტრუქტურაზე და ერთობლივი ანგარიშების შექმნაზე იმსჯელებენ.
აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა უკვე შეიმუშავეს ეროვნული ანგარიშები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC ) მიმართ. ანგარიშებში შეფასებულია კლიმატის ცვლილების რისკები თითოეული ქვეყნისთვის და ადაპტაციისა და შერბილების შესაბამისი ზომებია აღწერილი.
ამჯერად აუცილებელია კლიმატის ცვლილების სავარაუდო სცენარების შეჯერება მთლიანად რეგიონისთვის. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა აგრეთვე უნდა შეიმუშავონ კოორდინირებული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მათ ერთობლივ მოქმედებას საერთო გეოგრაფიულ არეალებში და ბიოფიზიკურ სისტემებში, მაგალითად მტკვარი-არასის აუზში.
მასალის გამოყენების პირობები