რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთი აზერბაიჯანს ორმხრივი ურთიერთობების განზრახ დანგრევაში ადანაშაულებს.
აღნიშნული განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა აზერბაიჯანის ელჩთან, რახმან მუსტაფაევთან პროტესტი გამოთქვა „ბაქოს ბოლოდროინდელი არამეგობრული ქმედებების გამო“.
„ესენია: სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებების გაუქმება, ხელისუფლების წაქეზებით აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებული რუსოფობიური კამპანია, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების აღმაშფოთებელი, მიუღებელი ქმედებები რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ, რესპუბლიკაში ყველა კულტურული ღონისძიების გაუქმება რუსეთიდან ჩასული შემსრულებლების მონაწილეობით, მათ შორის ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფების“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დმიტრი მასიუკი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში ბზარის შეტანას. მისივე თქმით, მოსკოვი ბაქოს თავის მიდგომებს აცნობს, რათა დიალოგისთვის ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს.
„ჩვენ ვხედავთ გარკვეული ძალების აქტიურ მცდელობებს, შექმნან განხეთქილება ჩვენს ურთიერთობებში ბაქოსთან. ჩვენი მხრივ, თანმიმდევრულად ვუზიარებთ ჩვენს პრინციპულ მიდგომას ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს, რათა განეიტრალდეს ბაქოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის მიყენებული ზიანი“, - განაცხადა მასიუკმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში, რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიული ჩხრეკის დროს შვიდი ადამიანი დააკავეს.
ასევე, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით არის დაწყებული. სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.