ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან მისი ბირთვული პროგრამის შესახებ, იმ პირობით, თუ ვაშინგტონი თავს შეიკავებს შემდგომი თავდასხმებისგან.
„თუ აშშ-ს სურს დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება, მან უნდა გამორიცხოს ირანზე შემდგომი თავდასხმები“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჯიდ თახთ-რავანჩიმ.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ შუამავლების მეშვეობით აცნობა თეირანს მოლაპარაკებებზე დაბრუნების სურვილი, თუმცა „არ დაუკავებია მკაფიო პოზიცია შემდგომი თავდასხმების ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“.
თახთ-რავანჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი დაჟინებით მოითხოვს ურანის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამდიდრების უფლებას და უარყო ბრალდებები, რომ მისი ქვეყანა ფარულად ბირთვულ ბომბზე მუშაობდა.
მან აღნიშნა, რომ ირანს „აკრძალული ჰქონდა წვდომა ბირთვულ მასალებზე“ მისი კვლევითი პროგრამისთვის.
„შეგიძლიათ იმსჯელოთ ურანის გამდიდრების დონეზე, შეგიძლიათ იმსჯელოთ სიმძლავრეზე, მაგრამ თქვათ: „თქვენ საერთოდ არ გაქვთ გამდიდრების უფლება და თუ არ დაეთანხმებით, ჩვენ დაგბომბავთ“ - ეს ჯუნგლების კანონია“, - ხაზგასმით აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ივნისში ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განკარგულება გასცა. მოგვიანებით, ნატო-ს სამიტზე მან ირანთან ახალი მოლაპარაკებების გეგმები გამოაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეკითხვაზე, მზად იქნება თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე კვლავ დარტყმისთვის, თუ ქვეყნის მიერ ურანის გამდიდრების შესახებ შეშფოთება კვლავ გაჩნდება, ტრამპმა პარასკევს, 27 ივნისს განაცხადა: „რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, აბსოლუტურად“.
მან აღნიშნა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმებმა ირანის ბირთვული პროგრამა წლებით უკან დახია.