სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში, ეჩმიაძინში შევიდნენ.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპატრიარქოში სპეციალურ ღონისძიებებს ატარებენ.
ამასთან, დღეს დილით შირაკის ეპარქიის შენობაში დაახლოებით 30 ნიღბიანი პირი შევიდა.
სომხური მედია წერს, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა საპატრიარქო დატოვა სასულიერო პირების დასამშვიდებლად, რის შემდეგაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კათოლიკოსი გარეგინ II ალყაში მოაქციეს.
სომხური მედია წერს, რომ ტერიტორიაზე ასევე დიდი რაოდენობით პოლიციის ძალებია მობილიზებული და სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
ცნობისთვის, სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გალსტანიანმა, როგორც მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელმა, რადგან სომხეთში ხელისუფლება კანონიერი გზით ხელში ვერ ჩაიგდო, გადაწყვიტა, ეს არაკონსტიტუციური მეთოდებით გაეკეთებინა.
გამოძიების ფარგლებში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ.
ამასთან, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი.