იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკის მიერ ირანის მიმართ გამოვლენილი მტკიცე გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დროსაც უნდა გამოიხატოს.
ამის შესახებ მან ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, იუწყება გამოცემა la Repubblica.
მელონი მიესალმა ისრაელსა და ირანს შორის ომში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას, თუმცა აღნიშნა, რომ მტკიცე გადაწყვეტილება ასევე უნდა გამოიჩინონ უკრაინასა და ღაზას სექტორთან დაკავშირებით.
„მე ვუთხარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ [ისრაელსა და ირანს შორის ომში გამოვლენილი] მტკიცე გადაწყვეტილება უნდა გამოიხატოს კიდევ ორ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში: უკრაინაში, სადაც რუსეთს არ სურს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და ღაზაში, სადაც სიტუაცია აუტანელია“, - თქვა მან.
როგორც მედია აღნიშნავს, მელონი საკუთარ თავს როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-სთან ურთიერთობებში მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს. მელონი იმედოვნებდა, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა მის პოზიციას ევროპული პოლიტიკის ცენტრში გააძლიერებდა. ის იყო ერთადერთი ევროკავშირის ლიდერი, რომელიც იანვარში ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. ის ასევე შეხვდა პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოში და მჭიდრო კავშირები ჰქონდა ილონ მასკთან.
ამასთან, 24 ივნისს, ჰააგაში, სამეფო სასახლეში, ნატოს სამიტთან დაკავშირებით ორგანიზებულ ვახშამზე, მელონი პრეზიდენტ ტრამპის გვერდით იმავე მაგიდასთან იჯდა.