სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აღკვეთილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები.
„პოლიციის თანამშრომლებმა ჩაშალეს კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების ფართომასშტაბიანი და ბოროტი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“, - დაწერა მან თავის Telegram- არხზე.
ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით თოთხმეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სომხური სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატი (გალსტანიანი), რომელიც ცნობილია მთავრობის მკაცრი კრიტიკით.
უსაფრთხოების ძალებმა 90-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს. ოპოზიციამ დაკავებები შეაფასა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
დილიდან უსაფრთხოების ძალებმა ჩხრეკა ჩაატარეს „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის წევრებისა და მისი მხარდამჭერების სახლებში.
ორგანიზაციის ლიდერის, მთავარეპისკოპოს ბაგრატის გარდა, საგამოძიებო კომიტეტში მიიყვანეს: ოპოზიციური ბლოკ „არმენიის“ წევრი არტურ სარგსიანი, ქვეყნის უძველესი პარტია „დაშნაკცუტუნის“ უმაღლესი ორგანოს წევრი იგორ სარგსიანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტის ყოფილი წევრი დავით გალსტიანი. დაკავებულების მხარდამჭერები საგამოძიებო კომიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ. ადგილზე განლაგებულია შინაგანი ჯარები .