უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნატო-ს წევრ ქვეყანას თავს დაესხას, რათა ალიანსის სიძლიერე გამოსცადოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2030 წლიდან პუტინს შესაძლოა მნიშვნელოვნად მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში.
მან დასძინა, რომ უკრაინა ამჟამად რუსეთს აკავებს, თუმცა შესაძლოა ახალი საფრთხეები წარმოიშვას.
„დღეს მას უკრაინა აკავებს, მას არმიის გაწვრთნის დრო არ აქვს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია იყო თუ არა რუსული თავდასხმა რამდენიმე თვეში, ზელენსკიმ უპასუხა: „მე არ მჯერა, რომ პუტინი მზად არის“.
ზელენსკიმ ასევე მკაცრად გააკრიტიკა ნატო-ს თავდაცვის გეგმები, რომლის მიხედვითაც ხარჯები 2035 წლისთვის მშპ-ს 5%-მდე უნდა გაიზარდოს. მან ამ გეგმებს ძალიან ნელი უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე გეგმავს ახალ სამხედრო კამპანიებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს პაუზა სჭირდება, მას სანქციების მოხსნა სჭირდება, მას გაწვრთნილი არმია სჭირდება. და 10 წელი ძალიან დიდი დროა. ამ დროისთვის მას ახალი არმია მზად ეყოლება.“ -განაცხადა ზელენსკიმ.