„ქართული ოცნება“ პარანოიულ მდგომარეობაში იმყოფება და ეს კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია - ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ, თუმცა გაძლება ადვილი არ არის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიას ამდენი პოლიტპატიმარი არ ახსოვს.
"ის, რაც ხდება, სრულიად წარმოუდგენელია იმ ქვეყანაში, რომელიც ეკუთვნის ევროპას, მიდის ევროპისკენ და უთუოდ წავა ევროპისკენ.
ამ სივრცეში, ადამიანის უფლებების ასეთი დარღვევები, კონსტიტუციის, პრაქტიკულად ყველა მუხლის დარღვევა... მგონია, რომ სტრასბურგი ვეღარ აუვა აქიდან წასულ სარჩელებს. ამ ქვეყანაში რომ მოვდიოდი, არასდროს ვიფიქრებდი, რომ აქამდე მივიდოდით.
ეს მდგომარეობა, რაშიც თვითონ იმყოფებიან დღეს, რომელიც პარანოიული მდგომარეობაა, კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია. ვერავინ ვერ იტყვის, ეს დასასრული ეტაპი ჩქარა დამთავრდება თუ გაგრძელდება, გაიწელება. მათი ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, მართლაც ასეთი დაჟინებული რეპრესია სულ არაფრისთვის აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში. ეს ჩანს ასევე იმაში, რომ ვიღაცებს უკვე სჯიან შიგნიდან. ეს ხომ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება იყოს აღქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აქამდე ყველაფერზე კითხვის, ეჭვის, სინდისის გარეშე მიყვებოდნენ. ახლა ხვდებიან, რომ თურმე, მეც შემიძლია აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, როგორიც გუშინ ვნახეთ. ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ. გაძლება ადვილი არ არის, მითუმეტეს, იმ ადამიანებისთვის. პოლიტიკოსები შეიძლება კიდევ უფრო გამძლე იყვნენ იმიტომ, რომ ყველაფრისთვის მომზადებულები უნდა იყვნენ. იმ ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო რთულია გაძლება. გამძლეობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტში არიან და აგრძელებენ ამ ქუჩის პროტესტს ისე, რომ ვერ გადაიყვანა ხელისუფლებამ იმ აჯანყების ფორმატში, რაც მათი ერთ-ერთი მიზანია," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პროგნოზის გაკეთება უჭირს, კიდევ რა შეიძლება, მოუვიდეს "ქართულ ოცნებას" თავში.
"დღევანდელ სიტუაციას მე მგონი, პოლიტიკური სპექტრი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, რაც ეხება საზოგადოებას, მგონი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართლაც ხვდება, თუ რა არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა. ნაწილ საზოგადოებაში ასევე, დამკვიდრდა ერთგვარი შიში. ამიტომ, შეიძლება, ამ განცდების გამოხატვა ნაკლებად ჩანს და არ არის გამოტანილი გარეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხედავს, რაც ხდება.
მე არ ვიცი, რეცეპტებს მათ ვერ მივცემ, მაგრამ ვხედავ, რომ ეს არის უკვე პირველი მათი დასუსტების ნიშნები. რა შეიძლება კიდევ გააკეთონ და რა შეიძლება თავში მოუვიდეთ, ამას ვერც წარმოვიდგენ და ვერც ვურჩევდი"- დასძინა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.