გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანის შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ოცნების“ რეჟიმი ჩორჩანაში ქართული მიწის მშვიდობიანი დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის მშვიდობიანი შეჩერებისთვის და სეპარატისტების მხრიდან კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებზე პრეტენზიებისგან დაცვისთვის გიორგი გახარიას უკერავს ბინძურ საქმეს, რომელიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, რაც იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რისთვისაც აუცილებლად დადგება ყველა მასში მონაწილე პირის სამართლებრივი და ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს ცხადია, რომ სეპარატისტული რეჟიმი და „ოცნება“ ერთი და იმავე ნარატივით საუბრობს ჩორჩანაზე. როგორც ბიბილოვი აცხადებს, ჩორჩანა არის მტკივნეული ხიჭვი სეპარტისტული რეჟიმისთვის, ახლა, როგორც ირკვევა, თურმე ასეა „ოცნებისთვისაც“. როგორც ჩანს ისინი დღეს ერთი და იმავე „დიფსთეითიდან“ იღებენ ინსტრუქციებს.
გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო კომისიაზე, სადაც ისაუბრა ჩორჩანაზე, ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ე.წ. კომისიის სხდომაში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რისი შესაძლებლობაც გათვალისწინებულია კომისიის დებულებით და ზუსტად ასეთი შემოთავაზება თავად კომისიისგან ერთხელ უკვე მიიღო პირველი მიწვევის დროს. ე.წ. კომისიამ თავისი მუშაობის მანძილზე პირველად, თავად განაცხადა უარი მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს. ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის ჩორჩანაზე საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება, ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ, ჩორჩანის საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ, დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე. გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანის საქმით. ეს არ არის მხოლოდ გიორგის გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს ჩორჩანის საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას 2 ივლისს კიდევ ერთხელ იბარებენ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 16 ივნისს დაიბარეს. ის საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 22 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.