უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში ბირთვული იარაღის გავრცელება არ უნდა მოხდეს.
"გავრცელდა ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ - ირანის რეჟიმის ბირთვული პროგრამის ობიექტებზე ამერიკული დარტყმების შემდეგ. რეჟიმის, რომელმაც ასე ძალიან დაეხმარა პუტინს. ახლა უკრაინის ცაზე „შაჰედების“ ტალღები უფრო და უფრო ძლიერდება. ყველას კარგად გვახსოვს, საიდან მიიღო რუსეთმა ასეთი იარაღი. ირანის მიერ რუსეთის დახმარების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენს ქვეყანას და ბევრ სხვა ქვეყანას მასშტაბური ნგრევა, მასშტაბური ადამიანური დანაკარგები მოუტანა. და ეს ნამდვილად უნდა შეწყდეს. და ეს ნამდვილად არ უნდა გაძლიერდეს ბირთვული იარაღით.
თანამედროვე სამყაროში ბირთვული იარაღის გავრცელება არ უნდა მოხდეს. ამას ხაზი უნდა გაესვას. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდეს ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილება - პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „დიპლომატიამ ყველგან უნდა იმუშაოს“ - ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონში, ევროპასა და უკრაინაში.
„თუ პუტინი უარყოფს ყველა სამშვიდობო წინადადებას, მათ შორის ამერიკულს, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ მათ თეირანშიც უარყოფენ. თუმცა, ყველამ უნდა იგრძნოს, რა არის საერთაშორისო სოლიდარობის ძალა და ტერორის ნებისმიერი გავრცელების დაუშვებლობა“, - თქვა მან.