2020 წლის არჩევნებში ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სერგეი ტიხანოვსკი, ციხიდან გაათავისუფლეს, მან ქვეყანა უკვე დატოვა.
პოლიტიკოსის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი Telegram-ზე მისმა მეუღლემ და ემიგრაციაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაქვეყნა.
ტიხანოვსკისთან ერთად, ბელარუსის ციხეებიდან კიდევ 13 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჟურნალისტი იგორ კარნი, მინსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი ნატალია დულინა და აქტივისტი აკიჰირო გაევსკი-ხანადა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკასა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს შორის მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ მალევე მოხდა.
„პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის შედეგად, დღეს ბელარუსში 14 პატიმარი გაათავისუფლეს. მადლობა ლიეტუვის მთავრობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის“, - დაწერა კელოგის მოადგილემ ჯონ კოულმა სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ბელარუსში ჩავიდა, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკას შეხვდა.