23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.
ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
სპორტული აქტივობების სია კი ასე გამოიყურება:
1. მძლეოსნური გარბენი;
2. ქვიშის ფრენბურთი;
3. ქვიშის ჭიდაობა;
4. ქვიშის ფეხბურთი;
5. ქვიშის რაგბი;
6. ჭადრაკი;
7. მაგიდის ჩოგბურთი;
8. ველოსპორტი;
9. კარატე;
10. კანოე.
სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან, ბათუმის ზღვისპირა პარკის, პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგ სახეობებში დაიწყება: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრება კანოეში ნურის ტბაზე. კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იასპარეზებენ.
11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი, 12:00 საათზე კი მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ) ანბანის კოშკთან დასრულდება.
ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველოგარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტსმენები აჭარის რეგიონიდან.
ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.
ღონისძიების პარტნიორები არიან - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.