ბრიტანეთში პროპალესტინელმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ პარასკევს სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე შეიჭრნენ და ორი სამხედრო თვითმფრინავი დააზიანეს. ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა Palestine Action -ის განცხადებასი, რომელიც Х-ზე გავრცელდა.
პარასკევს, 20 ივნისს, Palestine Action -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი აქტივისტები, ოქსფორდშირში, ბრაიზ ნორტონის ბაზაზე შეუმნევლად შევიდნენ.
„ამ ბაზიდან კვიპროსში, აკროტირის მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების რეისები ყოველდღიურად სრულდება. კვიპროსიდან ბრიტანული თვითმფრინავები აგროვებენ დაზვერვის მონაცემებს, ამარაგებენ მებრძოლებს საწვავით და გადააქვთ იარაღი ღაზაში გენოციდის ჩასადენად“, - ნათქვამია Palestine Action-ის განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ აქტივისტებმა „გამოიყენეს გადაკეთებული ცეცხლმაქრები ორი Airbus Voyager-ის თვითმფრინავის ტურბინის ძრავებში წითელი საღებავის შესასხურებლად და დამატებითი ზიანი მიაყენეს ხელკეტებით“.
„ასევე ასაფრენ ბილიკზე დაასხეს წითელი საღებავი, რომელიც პალესტინელთა დაღვრილ სისხლს განასახიერებდა და ადგილზე პალესტინის დროშა დატოვეს. ორივე აქტივისტმა დაკავების თავიდან აცილება და დაცვის თანამშრომლებისგან გაქცევა მოახერხა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.