უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ, კრემლის მეთაურის, ვლადიმირ პუტინის, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნისა და ომის დასრულების სურვილის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გაიხსენა, რომ სწორედ რუსეთი უკვე 100 დღეს უგულებელყოფს აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ზუსტად 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უპირობოდ მიიღო აშშ-ის სამშვიდობო წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის, მკვლელობების დასრულებისა და რეალური სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ. ზუსტად 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო მშვიდობისკენ მიმავალი ეს ძირითადი პირველი ნაბიჯი,“ - წერს სიბიჰა Х-ზე.
მან გაიხსენა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი მიმართავდა მანიპულაციებს და აძლიერებდა ტერორს უკრაინის წინააღმდეგ.
„უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ომს ირჩევს და უგულებელყოფს აშშ-ის მცდელობებს, რომლებიც მკვლელობების შესაჩერებლად არის მიმართული.“
„დადგა დრო, ვიმოქმედოთ და რუსეთს მშვიდობის დამყარება ვაიძულოთ“, - განაცხადა სიბიჰამ.
მან აღნიშნა, რომ მხოლოდ „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, სანქციების გაძლიერება და უკრაინისთვის გაფართოებული შესაძლებლობები შეძლებს რუსეთის აგრესიის დასრულებას.