რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა კვლავ გაიმეორა, რომ ის არალეგიტიმურია. ამის შესახებ პუტინმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ... მე მზად ვარ შევხვდე ყველას, მათ შორის ზელენსკის... თუ უკრაინის სახელმწიფო ვინმეს ანდობს მოლაპარაკებების წარმოებას, ღვთის გულისათვის, დაე, ეს ზელენსკი იყოს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს. კრემლის მეთაურმა კიდრვ ერთხელ გაიმერა, რომ ზელენსკი, არალეგიტიმურია.
ის ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელებისთვის ვადები არ არსებობს. მისი თქმით, უფლებამოსილებები მხოლოდ უმაღლეს რადაზე ვრცელდება, თუ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა.
„იქ წერია, რომ არჩევნები საომარი მდგომარეობის დროს არ ტარდება. ეს მართალია. თუმცა არსად არ არის ნათქვამი, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები ფართოვდება - არა, სულ ესაა“, - თქვა პუტინმა.
მისივე მტკიცებით, უკრაინაში ხელისუფლების მთელი სისტემა არალეგიტიმურია. თუ პრეზიდენტი არალეგიტიმურია, მაშინ მის მიერ დანიშნული ყველა სხვა პირიც არალეგიტიმურია.
„რატომ ვამბობ ამას? ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ეს რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იყოს. მე მზად ვარ შევხვდე კიდეც, მაგრამ თუ ეს რაიმე სახის საბოლოო ეტაპია, რათა არ ვიჯდეთ და უსასრულოდ არ გავაგრძელოთ, არამედ დავასრულოთ ეს - ხელმოწერა უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი მთავრობა მოვა და „ყველაფერს ნაგავში გადაყრის“.