2024 წელს მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში იქნებოდა გადამწყვეტი. როგორც კი ჩახედეს, ანგარიშის შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, ფარისევლობაა საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დღევანდელ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.
„ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების სერია, რომელსაც ვისმენთ. ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან ხოლმე, განცხადებებით ისევ საკუთარ თავს იზიანებენ. როგორც წინა ჯერზე იყო საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი – თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ თანხმობების პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას, ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ. ამით ისევ საკუთარი თავი დაიზიანეს. დღევანდელ განცხადებასაც ორი ნაწილი აქვს. პირველი შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და დამკვირვებლებს. ფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, წინადადებით გამოდის ეუთო/ოდირის მისიასთან დაკავშირებით. 2024 წელს ბევრი საუბრობდა, მათ შორის ბრიტანეთი, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში იქნებოდა გადამწყვეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩახედეს და შედეგი, შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში. გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გვახსოვს პრესრელიზი, როდესაც მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრს ესაუბრა. რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი ეუთო/ოდირის დასკვნას. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ ფარისევლობა, არასერიოზულია სერიოზული სახით საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებების სახით, ბრიტანეთის საელჩო მარტივ შეცდომებს უშვებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა შეაფასა ბრიტანეთის საელჩოს განცხადების ის ნაწილიც, სადაც საელჩო აღნიშნავს, რომ „დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები, ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში და ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის, თანამშრომლობის შეთანხმებაში“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიტანეთის საელჩოსთვის სამართლის დარღვევაზე დიალოგი საზიანოა, რადგან ბევრი მუხლი, თუ კონვენციაა, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო არღვევს.
„ბრიტანეთის საელჩომ თითქოს რაღაც გაისროლა იმით, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან. აქაც ფეხში ისროლა – ბრიტანეთის საელჩოს სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი თუ უნდა, არ მგონია, ეს არის სფერო, რომელიც მათთვის მომგებიანია. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი, როდესაც წინასაარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არჩევნებამდე ათი დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთ სუბიექტს, „ქართული ოცნების“ კრიტიკას. მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცათ ხმა ადამიანებს. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის. ბრიტანეთის საელჩომ ეს არ იკმარა და ახლა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე გადავიდა. მათ არათუ მუხლები აქვთ დარღვეული, ბრიტანეთის საელჩოს დარღვეული აქვს პრეამბულა, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას. ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში როდესაც ჩაერია, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია ჩადებული. ასევე ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ამ შეთანხმების მეოთხე მუხლი, სადაც წერია, რომ მხარეები თანამშრომლობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის, სტაბილურობის გაძლიერებისკენ. ბრიტანეთის საელჩო როდესაც აფინანსებს პროპაგანდისტებს, ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამ შეთანხმების მეოთხე მუხლს. გარდა ამისა, ბრიტანეთმა დაარღვია შეთანხმების მე-16, მე-17, მე-18 მუხლები, სადაც საუბარია, რომ თანამშრომლობა არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მათ შორის კორუფციული დანაშაულების. იცით, რომ დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ბრიტანეთში, ლონდონის კაფეებიდან ვხედავთ მის ფოტოებს. კორუფციულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებაში მონაწილე ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემა გახლავთ ზუსტად ამ შეთანხმების მე-16, მე-18 მუხლების დარღვევა. ასე რომ, ბრიტანეთის საელჩოს თუ სურს, ისაუბროს სამართლის დარღვევაზე, გარწმუნებთ, მათთვის საზიანოა ეს დიალოგი, თუ პლატფორმა, ვინაიდან აუარება არის მუხლების, კონვენციებისა, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო თუ ელჩი არღვევს. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე, როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.