რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.
"კანონის უზენაესობისა და აღსრულების პროცესში, ბიურო უფლებამოსილია, საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია გამოითხოვოს. დღის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას.
ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს არ სცდება. მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.
ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს - საქართველოს კანონის, FARA-ს აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს. ასევე, ვახორციელებთ გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, აგრეთვე, მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს". - თქვა კუპრაშვილმა.