აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინის დედაქალაქზე 17 ივნისის ღამეს, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახენ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრიუსის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია დარტყმის შესახებ ინფორმირებული იყო.
„ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმებს და ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა და ყველა დაზარალებულის ოჯახებს. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ნათლად ისაუბრა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ კიევში თავდასხმის დროს აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება უკრაინაში და მზად ვართ უზრუნველვყოთ ყველა შესაძლო საკონსულო დახმარება.
ამ საშინელ დროს ოჯახის პატივისცემის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდება“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.