კანადა უკრაინას 2 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ G7-ის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადავცემთ: დრონებს, ვერტმფრენებს და საბრძოლო მასალას. საუბარია კიევისთვის ორ მილიარდ დოლარზე მეტ პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
კარნიმ ასევე განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ.
მისი თქმით, შეზღუდვები დაწესებულია არაერთი ფიზიკური პირისა და 40-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართ რუსეთის ფედერაციასა და მის ფარგლებს გარეთ.
სანქციებს დაექვემდებარება ის საწარმოები, რომლებიც მოსკოვს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
გარდა ამისა, კანადამ სანქციები დააწესა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-ზე მეტი გემის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, კარნიმ განაცხადა, რომ უკრაინა კანადისგან 2 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის სესხს მიიღებს. სესხი დაფარული იქნება გაყინული რუსული აქტივების პროცენტით.