ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 20 ირანელი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ამირ ალი ჰაჯიზადე. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ირანის სახელმწიფო მედია IRNA იუწყება, რომ ისლამური რევოლუციის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ახალი უმაღლესი სამხედრო მეთაურები დანიშნა.
კერძოდ, ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ახალი უფროსი გენერალ-მაიორი სეიდ აბდულრაჰიმ მუსავი გახდა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი გენერალ-მაიორი მოჰამად პაკპური, ხოლო ხათამ ალ-ანბიას შტაბის მეთაური გენერალ-მაიორი ალი შადემანი.
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი შურს იძიებს პარასკევს ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს დაღუპული ყველა ადამიანის დაღვრილი სისხლისთვის.