ინდურმა საინფორმაციო სააგენტო ANI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Air India-ს 171-ე რეისის ჩამოვარდნის შედეგად ერთი გადარჩენილი იპოვეს და არა ორი, როგორც მანამდე გავრცელდა.
„პოლიციამ ერთი გადარჩენილი 11A ადგილას [თვითმფრინავის სალონში] იპოვა. ის საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი“, - განმარტავს სააგენტო.
ამასთან, ინდური მედიის თანახმად, გადარჩენილი მგზავრი აცხადებს, რომ აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ბრიტანეთის მოქალაქე 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს.
ინდური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო.
ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის.
მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.