ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ.
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვახო სანაია, ტელეწამყვანი ვიკა ბუკია, აქტივისტი ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, "საფარის" დამფუძნებელი - ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი - დეა მამისეიშვილი.
სასამართლოში ასევე დაიბარეს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. ასევე ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე.
6 ივნისს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე თქვა, რომ მზადდებოდა საჩივარი, რომელიც სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას" ეხება, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.
ციფრულ სივრცეში დაწერილი კომენტარის გამო, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.