უკრაინამ 1 212 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. შტაბის ცნობით, დაბრუნებულ ცხედრებს შორის არიან რუსეთის კურსკის ოლქში დაღუპულები, ასევე უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.
მათივე ინფორმაციით, სამშობლოში დააბრუნეს იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში და უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში იბრძოდნენ.
ცხედრების დაბრუნება არის უკრაინის შესაბამისი უწყებების მუშაობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობის შედეგი. საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, შსს-ს ექსპერტებთან ერთად, უმოკლეს ვადებში დაადგენენ დაღუპულთა ვინაობას.
მანამდე რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ 1 212 უკრაინელი სამხედროს ცხედარი ბელარუსი-უკრაინის საზღვრის შეთანხმებულ რაიონში 7 ივნისს გადაიყვანა და უკრაინული მხარისგან მათ მიღებას ელოდებოდა.